ერთმაგი გამოხდა

📣 ხშირად დასმული კითხვებიდან:
 
❔ რამდენ პროცენტიანი სპირტის მიღებაა შესაძლებელი?
 
🔎 ამ კითხვაზე პაუხის გასაცემად ვისაუბროთ ერთმაგ და ორმაგ-გამოხდაზე.
 
✅ ორმაგი გამოხდა გუმბათოვანი სახდელით
მოიცავს ორ ეტაპს:
 
• პირველი გამოხდა
 
პირველი გამოხდის მიზანი არის საწყისი ფერმენტირებული ნედლეულიდან მივიღოთ სპირტი, რომლის სიმაგრეც დაახლოებით 25%-ს შეადგენს და ახლავს თანმდევი ნივთიერებები: წყალი, ეთერზეთები, არომატული ნივთიერებები და სხვა.
გამოსახდელი მასის გაცხელება უნდა მოხდეს რაც შეიძლება ნელა. ტემპერატურა პირველ ეტაპზე 70-80°C-ს აღწევს სწრაფად, ამიტომ მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეჟმის კონტროლი, რათა ალკოჰოლსა და არომატებს მიეცეს აორთქლებისათვის საკმარისი დრო. სადისტილაციო მასიდან გამოსული ორთქლი გადადის გამაციებელ მილში და ხდება კონდენსაცია.
 
სპირტი რომელიც პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, აორთქლებას იწყებს 78 °C-ზე. სხვა ნივთიერებებს რომელიც გამოსახდელ მასაშია, განსხვავებული ორთქლადქცევის ტემპერატურა აქვთ, აქედან გამომდინარე აუცილებელია ტეპერატურული დიაპაზონი შევინარჩუნოთ 78-100 °C-მდე, რათა მივიღოთ მაქსიმალური შედეგი.
პირველი გამოხდის საწყის ეტაპზე ალკოჰოლის კონცენტრაცია აღწევს 40-60% ს, შემდეგ კი ნელ-ნელა იკლებს, რადგან განზავების მაჩვენებელი მატულობს. პირველადი დისტილაცია დასრულებულად ითვლება როცა ალკოჰოლის კონცენტრაცია 5%-ს აღარ აღემატება.
• მეორე გამოხდა
 
მეორე გამოხდის პროცესი გულისხმობს, პირველი გამოხდისას მიღებული პროდუქტის განმეორებით დისტილაციას. გამოხდის მიზანია საბოლოო პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება – ალკოჰოლის კონცენტრაციის გაზრდა და არომატების დახვეწა.
დისტილაციის ტექნიკა პირველი გამოხდის ანალოგიურია.
 
გამონახადი სითხის სეპარაცია უნდა მოვახდინოთ სხვადასხვა ფრაქციებად:
– პირველი ფრაქცია – თავი, რომელიც გადმოდის 78°C- ტემპერატურამდე (საერთო რაოდენობის დაახლოებით 0.5-2%).
– მეორე ფრაქცია – გული, რომელიც გადმოდის 78-100°C-მდე ტემპერატურის შუალედში (მეორე ფრაქცია მთავრდება როდესაც ალკოჰოლის კონცენტრაცია 35%-ს ჩამოსცდება). ალკოჰოლის მაქსიმალური კონცენტრაცია შეიძლება იყოს 70% და მეტი, დამოკიდებულია საწყის ნედლეულზე.
– მესამე ფრაქცია – კუდი, გადმოდის 100°C ტემპერატურის ზემოთ (ალკოჰოლის კონცენრაციის დიაპაზონი 35%- 10%).
 
ყველაზე დაბალი სამრეწველო მახასიათებლები აქვს პირველ და მესამე ფრაქციას.
 
✅ ერთმაგი (უწყვეტი) გამოხდა, სვეტოვანი სახდელით
 
სვეტოვანი სახდელი, იგივე რექტიფიკატორი შედგება სახდელ ქვაბზე დამონტაჟებული სვეტისაგან, მასში განლაგებულია თეფშებიანი სეგმენტები, სადაც ეტაპობრივად გაედინება ორთქლის მასა.
 
78°C-დან აქროლადი ეთანოლი იწყებს სახდელის სვეტის ზედა ნაწილში გადაადგილდებას, გადის გამაციებელში, სადაც კონდენსირდება და გადაიქცევა სითხედ.
ნაკლებად აქროლადი მავნე კომპონენტები, წყალთან ერთად ბრუნდება ქვედა სეგმენტში სითხის სახით და ხელახლა იწყებს აორთქლებას, გადის იგივე გზას, მანამ სანამ არ განთავისუფლდება არასასიამოვნო ეთერზეთებისაგან.
ამ ტიპის სახდელით მიიღება უფერო, კრისტაალურად გამჭვირვალე, სიმღვრივისა და უცხო მინარევების გარეშე, სასიამოვნო ორგანოლეპტიკური მახასიათებლების მქონე, მაღალი სიმაგრის, 70%-ზე მეტი კონცენტრაციის დისტილატი, მხოლოდ ერთჯერადი გამოხდით.
 
🍇 🍒 🍑 🍐 🍏 🍎 🌾
ამრიგად, საბოლოო პროდუქტის ხარისხს და მასში ალკოჰოლის კონცენტრაციას განაპირობებს მრავალი ფაქტორი:
– სახდელის ტიპი.
– ნედლეული – რამდენი იყო მასში შაქარი ფერმენტაციამდე და მოხდა თუ არა ამ შაქრების ბოლომდე დაშლა.
– ტემპერატურული რეჟმის კონტროლი.
– ადამიანური ფაქტორი.
 
💡 აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვილია სხვადასხვა ტიპისა და სიმაგრის სასმელების დამზადება იმის მიხედვით თუ რა გვაქვს საწყისი მასალა და როგორ წარვმართავთ პროცესს.
ენოლოჯიკა © 2021

კონტაქტი

ჩვენ მუდამ გაგვიხარდება თქვენთან შეხვედრა